„ანონიმური ნარკომანები“ (ან ენეი) ეს არის იმ კაცების და ქალების არაკომერციული გაერთიანება ან საზოგადოება, რომლებისთვისაც ნარკოტიკები მთავარ პრობლემად იქცა. ჩვენ ვართ გამოჯანმრთელების გზაზე დამდგარი ნარკომანები, რომლებიც რეგულარულად ვიკრიბებით, რათა დავეხმაროთ ერთმანეთს სისუფთავის შენარჩუნებაში. ეს არის პროგრამა, რომელიც გამორიცხავს ყველა სახის ნარკოტიკის მოხმარებას. „ანონიმური ნარკომანების“ წევრობისთვის საჭიროა მხოლოდ ერთი პირობა – მოხმარების შეწყვეტის სურვილი. ჩვენ გთავაზობთ, რომ იყოთ გახსნილები და მისცეთ საკუთარ თავს შანსი. ჩვენი პროგრამა ეფუძნება პრინციპებს, რომლებიც იმდენად მარტივადაა ჩამოყალიბებული, რომ შეგვიძლია ისინი ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოვიყენოთ. და რაც მთავარია – ეს პრინციპები მუშაობს!
ენეის არ აქვს არანაირი ვალდებულება. ჩვენ არ ვართ დაკავშირებული სხვა ორგანიზაციებთან, არ გვაქვს საწევრო გადასახადები, ხელს არ ვაწერთ არანაირი პირობის საბუთს, არავის არაფერს ვპირდებით. ჩვენ არ ვართ დაკავშირებული არცერთ პოლიტიკურ, რელიგიურ ან სამართალდამცავ ორგანიზაციასთან; არ ვექვემდებარებით არანაირ ზედამხედველობას; ჩვენთან შემოერთება ნებისმიერს შეუძლია, ასაკის, რასის, სექსუალური ორიენტაციის, აღმსარებლობის, რელიგიური რწმენის ან მისი უქონლობის მიუხედავად.
ჩვენ არ ვინტერესდებით, თუ რამდენ და რა ნარკოტიკებს მოიხმარდით და ვისგან შოულობდით, რას აკეთებდით წარსულში, მდიდრები ხართ თუ ღარიბები. მხოლოდ ის გვინდა ვიცოდეთ, როგორ აპირებთ პრობლემის დაძლევას და ჩვენ რით შეგვიძლია დაგეხმაროთ. ახალმოსული ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია ნებისმიერ ჩვენს შეკრებაზე, იმიტომ, რომ მხოლოდ გაცემით შეგვიძლია შევინარჩუნოთ ის, რაც გვაქვს. ჯგუფების გამოცდილებიდან ვიცით, რომ ისინი, ვინც რეგულარულად დადიან ჩვენს შეკრებებზე, ინარჩუნებენ სისუფთავეს.